მდგრადი განვითარების კონცეფცია და სამხრეთ კავკასიის რეგიონური პრობლემები


“მდგრადი განვითარება” ერთობ ტევადი და მრავალწახნაგა ცნებაა, თუმცა მისი არსებითი შინაარსობრივი შემადგენელია ეკოლოგიური უსაფრთხოება, ენერგეტიკული განახლებადობა და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარება. მდგრადობის მნიშვნელობა დღევანდელი გლობალიზირებული სამყაროსათვის განუზომლად დიდია _ Pიგი, პრაქტიკულად, ყოფა-ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. მაგრამ, “მდგრადი განვითარება” უპირველეს ყოვლისა გულისხმობს განახლებადი ენერგეტიკის (წყლის, მზის, ქარის, გეოთერმული წყლებისა და ბიომასის) გამოყენებას და შესაბამისი განახლებადი ტექნოლოგიების დანერგვას. სამომავლოდ ამგვარი ტექნოლოგიები გარემოს დაცვისა და მისი გადარჩენის ძირითადი ელემენტი იქნება. ცხადია, გლობალური ინდუსტრიის გრანდიოზული მასშტაბებიდან გამომდინარე, ტრადიციული ენერგეტიკა (დიდი ჰესები, წიაღისერული საწვავი _ ნავთობი, ქვანახშირი და ა.შ.) დღესაც ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი მასაზრდოებელია, მაგრამ, ეკოლოგიური და ენერგო უსაფრთხოების პრობლემა უკვე ისეთ აქტუალობას იძენს, რომ არც თუ შორეულ მომავალში, განახლებადი ენერგეტიკის წილი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს. ასე რომ, “მდგრადი განვითარების” ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ განახლებადი ენერგეტიკა იქნება.
თუმცა, როგორც გლობალურ ისე რეგიონალურ პრობლემებთან მიმართებაში, “მდგრადი განვითარების” მსოფლმხედველობა სხვა ასპექტებსაც მოიცავს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასია, სადაც შედარებით მცირე ტერიტორიაზე განსახლებულია სხვადასხვა ეროვნული თვითშეგნების, კონფესიის, ფსიქოლოფიის, კულტურილი მემკვიდრეობის ხალხები, გახდა პერმანენტული პოლიტიკური დაპირისპირებისა და რეგიონული სამხედრო კონფლიქტების არეალი. ამ კონფლიქტების, ისევე როგორც საერთოდ _ გლობალური თანაარსებობის პრობლემის მოგვარება, “მდგრადი განვითარების” ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის “მდგრადი განვითარების” კონცეფცია გულისხმობს ზოგადად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებსაც:

   რეგიონში მონაწილე ყველა ქვეყნის და ეთნიკური ჯგუფის ინტერესის სრული გათვალისწინება
   რეგიონში დასახლებული ყველა ხალხისთვის მისი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებa,       ეროვნული თვითგამოხატვის გარანტიების სისტმის შექმნა
   ქვეყანათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის საერთო პრინციპების შემუშავება და უბაჟო
      სივრცის მოდელის შექმნა
   კავკასიის ბანკის, სასაქონლო და საბითუმო ბირჟის მოდელების შემუშავება
   ინფრასტრუქტურის განვითარების მოდელის შემუშავება
   ენერგოუსაფრთხოების მოდელის შემუშავება
   ფასთწარმოქმნის ერთიანი მოდელის შექმნა
   საბანკო ოპერაციების ტარიფების შემცირება და ერთიანი სისტემის შექმნა
   სამხრეთ კავკასიის პარლამენტის მოდელის შემუშავება
   მშვიდობის დამცველთა საერთო პარიტეტული კორპუსის მოდელის შემუშავება
   სტრატეგიულ პერსპექტივაში – საერთო ვალუტის მოდელის შემუშავება.

ამ ღონისძიებების გატარების გარეშე რეგიონის მდგრად განვითარებას პერსპექტივა არ გააჩნია.

გარდა ამისა:

კავკასიის ეთნო-კულტურული მრავალფეროვნებისა და სირთულის გამო, ამ რეგიონის “მდგრადი განვითარების” კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კულტუროლოგიურ კვლევებს. რეგიონში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ხშირ შემთხვევაში, კულტურული წარმომავლობისაა: ნაციონალური იდენტობის კრიზისი, გაუნათლებლბა, ქსენოფობია, რელიგიური ნაციონალიზმი და ა.შ. ამდენად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთი საკითხების კვლევას, როგორიცაა კოლექტიური მეხსიერება, ნაციონალური ნარატივები, ისტორიისა და მშობლიური ლიტერატურის სწავლების მოდიფიცირება, სახელოვნებო ფორმების და ესთეტიკის ზემოქმედება კოლექტიურ ცნობიერებაზე და ა.შ. ცნობილია, რომ კავკასიური კონფლიქტები მხოლოდ პოლიტიკოსების დაწყებული არ ყოფილა, ამ სავალალო საქმეში მწერლების და ისტორიკოსების “ღვაწლიც” დიდია. ამდენად, შესწავლილი უნდა იქნას ჰუმანიტარული დისციპლინების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები ეთნო-კულტურულ განსხვავებათა ჰარმონიზაციის საკითხებში, კულტურათა დიალოგის წასახალისებლად. ყველა კულტურა პოტენციურად მდგრად განვითარებაზეა მომართული, სხვაგვარადიგი იგი ისტორიულად ვერ გადარჩებოდა. ამდენად, საჭირო ხდება ისეთი კულტუროლოგიურ-ჰუმანიტარული კვლევების ჩატარება და პროექტების განხორციელება, რომლებმაც უნდა წარმოაჩინონ ამა-თუ-იმ კულტურაში არსებული “მდგრადი განვითარების ტრადიციული ელემენტები” და ხელი შეუწყონ ამ ელემენტების სტიმულირებასა და მოდერნიზაციას.
“მდგრადი განვითარების” ის მოდელი, რომელზეც აქ გვაქვს მსჯელობა (იგულისხმება, ერთი მხრივ ეკოლოგიურად უსაფრთხო და განახლებადი ტექნოლოგიები და მეორე მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური, კულტუროლოგიური და ეთნიკური ელემენტების მთლიანობა) შეიძლება საფუძვლად დაედოს ქვეყნების, რეგიონების, ერების, საერთოდ გლობალური საზოგადოების განვითარებას.
ყველა სახელმწიფოს, ყოველ რეგიონს შეიძლება მდგრადობის თავისი მოდელი ჰქონდეს. Aამ კუთხით, მდგრადობა იმთავითვე გულისხმობს ისეთ ცნებებსა და კატეგორიებს როგორიცაა მშვიდობა, დემოკრატია, სამართლიანობა და ა.შ. M”მდგრადი განვითარების” პირობებში ისინი თვისებრივად ახალ დატვირთვას შეიძენენ. მათი მთავარი მახასიათებელი გლობალურისა და ლოკალურის, უნივერსალურისა და ეთნიკურის ჰარმონიზაცია იქნება. Aგლობალიზაციის ჰუმანიზაცია “მდგრადი განვითარების” პრინციპებზე გადის. ამასთან ერთად, “მდგრადი განვითარება” თავისი უნივერსალურობის გამო, თვითონვე შეიძლება გადაიქცეს ერებსა და სახელმწიფოებს შორის მარეგულირებელ მექნიზმად. თითოეული ადამიანის, ყოველი სახელწიფოს თუ ერის ამოცანაა ხელი შეუწყოს ამ პროცესს და ამ გზით დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი მომავალ მსოფლიოში.
მდგრადი განვითარების ჩვენეული ხედვა გულისხმობს სამ ძირითად შემადგენელს: გლობალიზაციას, მდგრადობას, ინდივიდუალურ და ნაციონალურ იდენტობას. სწორედ ასეთი მიდგომა განაპირობებს გლობალური ეკოლოგიური და ტექნოლოგიური პროცესების ჰუმანიზაციას. ამდენად, მდგრადი განვითარება არის ყველაზე ხელსაყრელი იარაღი ინდივიდუალური თუ ნაციონალური იდენტობის ნიველირების წინააღმდეგ: ესაა ხიდი გლობალურ ტენდენციებსა და ლოკალურ საქმიანობას შორის.